ვიწყებთ "რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების" ციკლს, რომელიც საქართველოს 10 რეგიონში ინდივიდუალურად ჩატარდება.
რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების მიზანია, ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა „საქართველოს ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ვქმნით მათი, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდების და საზოგადოების სრულფასოვანი წევრების განვითარების მხარდამჭერ ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას.
ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025"–ის არსებობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია"-ზე დაფუძნებით, გასულ წელს, მონაწილეობრივად, დაინტერესებული მხარეების, საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, თემატური ექსპერტებისა და თავად ახალგაზრდების ჩართულობით შეიქმნა.
ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის საქმოქმედო გეგმის შემუშავებისას გაითვალისიწნებს.
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერას უწევს გაეროს საკოორდინაციო ჯგუფი ახალგაზრდობის საკითხებზე (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO, UNHCR) და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საქართველოში „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs)“.
რეგიონული ფორუმები, პირველი ეტაპზე, გაიმართება დასავლეთ საქართველოში:
1. გურიის ახალგაზრდული ფორუმი - ქ. ოზურგეთი, 10 აგვისტო; (რეგისტრაციის ბოლო დღე 8 აგვისტო, 14:00 საათი)
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდული ფორუმი - ქ. ბათუმი, 12 აგვისტო; (რეგისტრაციის ბოლო დღე 10 აგვისტო, 14:00 საათი)
3. სამეგრელოს-ზემო სვანეთის ახალგაზრდული ფორუმი - ქ. ზუგდიდი, 14 აგვისტო; (რეგისტრაციის ბოლო დღე 12 აგვისტო, 14:00 საათი)
4. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ახალგაზრდული ფორუმი - ქ. ონი, 16 აგვისტო; (რეგისტრაციის ბოლო დღე 14 აგვისტო, 14:00 საათი)
5. იმერეთის ახალგაზრდული ფორუმი - ქ. ქუთაისი, 18 აგვისტო. (რეგისტრაციის ბოლო დღე 16 აგვისტო, 14:00 საათი)
ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტის გაკეთება, რასაც ადგილზე უზრუნველყოფს სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო.
შერჩეულ კანდიდატებს დეტალური ინფორმაცია და ფორუმის დღის წესრიგი გამოგეგზავნებათ ელ. ფოსტის მეშვეობით.
